ყაზახეთში გაუქმდა კანონი, რომელიც ნაზარბაევს „ერის მამად" აღიარებდა

ყაზახეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, 1991-2019 წლებში ყაზახეთის რეპუბლიკის პირველი პრეზიდენტის „ელბასის“(ერის მამა) შესახებ კანონი ძალადაკარგულად გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ 2022 წელს ჩატარებულ რეფერენდუმზე ხალხის მიერ გამოხატული ნების შესაბამისად, ამ კანონის შენარჩუნების არანაირი სამართლებრივი საფუძველი აღარ არსებობს. 

მანამდე სასამართლოს ყაზახეთის პარლამენტის წევრთა ჯგუფმა მიმართა. 

ყაზახეთში 2022 წლის 5 ივნისს გამართული რეფერენდუმის მონაწილეთა 77%-მა, საკონსტიტუციო რეფორმას, მათ შორის, პირველი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევისთვის „ერის მამის“ სტატუსის, პრივილეგიებისა და ხელშეუხებლობის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა.

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა კონსტიტუციის რეფორმის იდეა მთავრობას 2022 წლის იანვარში ქვეყანაში სისხლიანი არეულობის ჩახშობის შემდეგ შესთავაზა. წესრიგის აღდგენის ფონზე თოყაევმა ნაზარბაევს და მის ახლობლებს გავლენიანი სამთავრობო თანამდებობები დაატოვებინა. 

შეგახსენებთ, რომ 1991-2019 წლებში ნურსულთან ნაზარბაევი ყაზახეთის რეპუბლიკის პირველი პრეზიდენტი იყო და „ერის მამის“ ტიტულს ატარებდა.